გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი, 23-ე ტომიდან ორი მნიშვნელოვანი გარემოება ხდება ცნობილი.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ დაინტერესდა "ტოიოტა ქემრის" ერთ-ერთი მგზავრისა და ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის მობილური ტელეფონით და 18-19 ივნისს განხორციელებული ზარებით.
ახალ ტომში არსებული ჩანაწერით, რომელიც საგამოძიებო უწყებას ეკუთვნის დგინდება, რომ რევაზიშვილის ტელეფონი 28 ივლისს ამოიღეს. ასევე ფიქსირდება ბრალდებულის კუთვნილი ტელეფონიდან 18 ივნისის ღამეს განხორციელებული ზარები.
ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, ზურაბ ნადირაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონით მხოლოდ ახლა.
"ახლა რატომ დაინტერესდა, ეგ როგორ გითხრათ, ეგ საგამოძიებო უწყებამ უნდა გითხრათ. უბრალოდ, ვადასტურებთ იმას, რომ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან ბოლომდე. მიმოწერები არ განუხორციელებია, იყო მხოლოდ ზარები", - განაცხადა უფლებადამცველმა "ფორმულასთან" საუბარში.
გარდა ამისა, საქმის ახალ ტომში არის ჩვენება, რომელიც ანა გაბეჩავას მამის მეგობარს, სერგო ენდელაძეს ეკუთვნის.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ ენდელაძემ გაბეჩავას მამას, 19 ივნისს დაურეკა და შვილის დაბადების დღე მიულოცა. ამ სატელეფონო საუბრის დროს, იუბილარის მამამ, ენდელაძეს აგარაკზე მომხდარის შესახებ უამბო და იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში არ იმყოფებოდა, მეგობარს სთხოვა მცხეთის რაიონულ სამმართველოში ანა გაბეჩავას გამოკითხვაზე გაჰყოლოდა.
ჩვენების მიხედვით, ენდელაძე ხვდება ანა გაბეჩავას, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფება. მეგობრები არიან ის პირები, რომლებიც ნარეკვავის დასახლებაში მდებარე აგარაკზე იმყოფებოდნენ. გაბეჩავასთან ერთად ასევე მამის კიდევ ერთი მეგობარი, ირაკლი რეხვიაშვილიც იმყოფება. როგორც ენდელაძე თავის ჩვენებაში ამბობს, მან გაბეჩავას და მის მეგობრებს გამოძიებასთან თანამშრომლობა ურჩია.
„ადგილზე დამხვდა ირაკლი რეხვიაშვილი, ჩემი მეგობარი, ასევე ანა გაბეჩავა და მისი მეგობრები, რომლებსაც არ ვიცნობ. მე ანას დაველაპარაკე და მან მითხრა მისი დაბადების დღის წინა ღამეს მოხდა ჩხუბი ახალგაზრდებს შორის და მათგან ერთ-ერთი ბიჭი, გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული, რის გამოც იბარებდნენ მცხეთის რაიონულ პოლიციაში. მე დავამშვიდე ანა და ვუთხარი, რომ რაც იცოდა, ეთქვა სიმართლე, ასევე მცირედი გამოლაპარაკება მქონდა იქ შეკრებილ ბავშვებთან, რომლებიც, როგორც ვიცი, იყვნენ ანას მეგობრები, მაგრამ მათი სახელები და გვარები ჩემთვის უცნობია. მათაც ასევე ვუთხარი, რომ თუ დაიბარებდნენ პოლიციაში, ეთქვათ სიმართლე და არ ენერვიულათ. სხვა რაიმე სახის საუბარი მათთან არ მქონია, მით უმეტეს, რაიმე სახის დაძაბულ საუბარს ადგილი არ ჰქონია. ადგილზე დავყავი 20 წუთი, რის შემდეგაც, ვინაიდან ირაკლი რეხვიაშვილს ჰყავდა მანქანა, გადავწყვიტეთ, რომ ირაკლი წაიყვანდა მცხეთაში ანას, ხოლო მე დავბრუნდებოდი სამსახურში“, - ამბობს ენდელაძე თავის ჩვენებაში.
ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით 6-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დარჩა.
მანამდე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.